top of page
0_QyN7wA2wrY_bV0nM.jpg

ნეიტრალიტეტი (ვერ) გადაარჩენს საქართველოს?

2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო მოვლენა, რამაც დიდი გავლენა იქონია მსოფლიოზე: რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და სისხლისმღვრელი ომი გაჩაღდა, რომელიც უკვე თვეებია მიმდინარეობს. ამ მომენტიდან საზოგადოების დიდი ნაწილის ყოველდღიურობა იმდენად შეიცვალა, რომ ბევრი მათგანი დღეში რამდენიმე საათს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე და მასთან დაკავშირებულ პროცესებზე ინფორმაციის მოგროვებაზე ხარჯავს. რა თქმა უნდა, ამ პროცესმა საქართველოშიც დიდი გავლენა მოახდინა, როგორც საზოგადოებაზე ისე პოლიტიკურ გარემოზე. ოპოზიცია მთავრობას ადანაშაულებდა უკრაინის სიტუაციის უგულვებელყოფაში, მთავრობა თავის მხრივ ოპოზიციას ადანაშაულებდა რუსეთის გაღიზიანებასა და საქართველოში საომარი მოქმედებების დაწყების მცდელობაში. ხალხის დიდი ნაწილი შეშინებული იყო და სჯეროდა, რომ რუსეთი უკრაინაზე არ გაჩერდებოდა და ჩვენთანაც შემოიჭრებოდა. ეს ყველაფერი ლოგიკურია ამგვარ ვითარებაში და არც არის გასაკვირი მსგავსი ინფორმაციების მიღება. თუმცა, ნელ-ნელა გამოერია და გახშირდა ერთი თემა, რამაც დიდი ინტერესი გამოიწვია. ეს არის საქართველოსთვის ნეიტრალური სტატუსის მიღების აუცილებლობაზე საუბარი. ომის დაწყებიდან, გახშირდა მსგავსი სტატუსები, განცხადებები, სტატიები თუ დიალოგი საზოგადოებაში. მთავარი ნარატივი კი ასე ჩამოყალიბდა:

უკრაინა რომ არ აყოლოდა დასავლეთის ნებას და ომის დაწყებამდე მიეღო ნეიტრალიტეტი, თავიდან აიცილებდა რუსეთთან ომს. საქართველომ სწორედ ეს ფაქტი უნდა გაითვალისწინოს, არ დაუშვას მსგავსი შეცდომა და რაც შეიძლება სწრაფად მიიღოს ეს სტატუსი. 

ამ თემაზე საუბარი საკმაოდ გასაკვირია იმ საზოგადოებისაგან, რომელიც უკვე 2 ათწლეულია ცდილობს შეამციროს რუსეთის გავლენა საქართველოზე და რაც შეიძლება სწრაფად გაწევრიანდეს ნატოსა და ევროკავშირში. გასაკვირი იყო იმიტომაც, რომ რეალურად საბჭოთა კავშირიდან თავის დაღწევის შემდეგ ქართული პოლიტიკის დღის წესრიგში არასოდეს მდგარა ნეიტრალური სტატუსის მიღება. 

ამ დრომდე ჩემთვის ნეიტრალიტეტის თემა იმდენად უმნიშვნელო იყო, რომ საკმაო დრო დამჭირდა სანამ გავიხსენებდი, რომ სულ ორიოდე წლის წინ მეც შევავსე პატრიოტთა ალიანსის კითხვარი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და რამდენიმე დღისა თუ კვირის შემდეგ მობილურზეც დამიკავშირდნენ რათა ამეხსნა ჩემი პასუხები. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ნეიტრალიტეტის იდეა ახალი სულაც არაა, თუმცა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამ მკვეთრად გააძლიერა და გაახშირა ამ ნარატივზე საუბარი.

სწორედ ამიტომ გადავწყვიტე უკეთ გავცნობოდი თემას და დამედგინა ვინ და რა საშუალებებით ავრცელებს ამ ნარატივებს, როგორ წარმოაჩენენ ნეიტრალიტეტის იდეას, თეორიაში, როგორ არგებენ ისინი ამ სტატუსს საქართველოს და რამდენად არის ეს ქვეყნისათვის რეალური ალტერნატივა უსაფრთხო გარემოს შექმნისთვის. 

ნეიტრალიტეტის მიღების აუცილებლობაზე ყველაზე ხშირად პატრიოტთა ალიანსის წევრები საუბრობენ. როგორც პარტიის ლიდერები დავით თარხან მოურავი და ირმა ინაშვილი, ასევე სხვა წევრებიც ხშირად აღნიშნავენ, რომ ეს სტატუსი აუცილებლად არ ნიშნავს დასავლეთთან თანამშრომლობის შეწყვეტას, თუმცა აუცილებლად უარი უნდა ითქვას ნატოში გაწევრიანებაზე და საჭიროა დავიწყოთ რუსეთთან ურთიერთობების დათბობაზე ზრუნვა. მათი განმარტებით, ქართული ნეიტრალიტეტი პირველ რიგში სამხედრო მიუმხრომლობას აღნიშნავს, რომლის ფარგლებშიც აკრძალული იქნება უცხო ქვეყნის შეიარაღებული ძალების ყოფნა საქართველოს ტერიტორიაზე, თუნდაც წვრთნების ჩასატარებლად.

"საქართველოს პატრიოტთა ერთიანმა ფრონტმა" 2022 წლის მარტში ღია წერილით მიმართა გაეროს უშიშროების საბჭოს, დაეხმარონ უკრაინასა და საქართველოს ნეიტრალიტეტის მიღებაში და რუსეთთან ერთად გახდნენ  ამ სტატუსის გარანტორები. ფრონტი 55 პოლიტიკური და საზოგადოებრივი ორგანიზაციისაგან შედგება და მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი სწორედ პატრიოტთა ალიანსია. 

ნეიტრალიტეტის თემის გაშუქება ყველაზე აქტიურად ხდება ტელეკომპანია ობიექტივზე, რაც არც არის გასაკვირი, მისი წარმოშობიდან გამომდინარე. პოლიტიკური პარტიებისა და პირების გარდა, თავად არხის ჟურნალისტებიც ხშირად საუბრობენ ამ თემაზე და ცდილობენ ახსნან თუ რატომ არის ნეიტრალიტეტი საქართველოსთვის საუკეთესო გამოსავალი. არხს ამ თემის გაშუქებაში პარტნიორობას უწევენ ისეთი მედია გამოცემები, როგორებიცაა: "ასავალ-დასავალი", "საქინფორმი", "საქართველო და მსოფლიო", "news-front", "ალტ-ინფო". როგორც უკვე აღინიშნა, ნეიტრალიტეტის საჭიროებაზე საუბრისთვის ყველაზე ხშირად ამ პლატფორმებს პატრიოტთა ალიანსის წევრები იყენებენ, თუმცა მათთან ერთად ასევე აქტიურობენ "ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობა", "მემარცხენე ალიასი", "ქართული მარში" და სხვა. ამასთანავე, ტელეკომპანია ობიექტივი ხშირად გვთავაზობს საზოგადოების აზრს ამ საკითხთან დაკავშირებით, რაც გამოიხატება ქუჩის გამოკითხვებით, სადაც ჟურნალისტები ეკითხებიან მოსახლეობას არის თუ არა მათთვის მისაღები საქართველოს ნეიტრალიტეტი.  

პატრიოტთა ალიანსის წევრებმა და მათმა თანამოაზრეებმა ომის დაწყებამდეც და მის შემდეგაც არაერთხელ განაცხადეს, რომ ნეიტრალიტეტი არამხოლოდ მათთვის არამედ საქართელოს მოსახლეობის უმრავლესობისათვის სასურველი სტატუსია. 2022 წლის 17 იანვარს ტელეკომპანია ობიექტივის გადაცემაში საუბრისას დავით თარხან მოურავმა აღნიშნა, რომ მოსახლეობის 65%-ს სურს ნეიტრალიტეტის მიღება. მისი თქმით, რუსეთს საქართველომ უნდა დაანახოს, რომ შესაძლებელია იმ პროცესის მიღწევა ქვეყანაში, რაც რუსეთისთვის სასურველია და ეს უნდა გახდეს ომის თავიდან არიდების და ჩვენი გადარჩენის საშუალება. ამის გარდა ობიექტივზე არაერთი რეპორტაჟი გავრცელდა, სადაც წამყვანები ქუჩის გამოკითხვებზე დაყრდნობით ამტკიცებენ, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს ნამდვილად სურს ნეიტრალიტეტი. 20 თებერვალს კი ირმა ინაშვილმა გამოაქვეყნა ოფიციალური წერილი, რომელიც ალიანსმა, "ქართულ მარშთან" და სხვა პრო-რუსულ ორგანიზაციებთან ერთად ვლადიმერ პუტინს გაუგზავნა. წერილში ავტორები ამტკიცებენ, რომ საქართველოს მოსახლეობას არ სურს ნატოში გაწევრიანება, საჭიროა მივიღოთ ნეიტრალური სტატუსი და დავამყაროთ რუსეთთან მჭიდრო კავშირები, რადგან ამის გარეშე ვერ გავუმკვლავდებით რეგიონულ და გლობალურ გამოწვევებს. 

ზემოაღნიშნული განცხადებების ჭეშმარიტება საკმაოდ საეჭვოა. ერთის მხრივ, დასკვნები ხშირად კეთდება ქუჩის გამოკითხვებიდან, რომელშიც არ არის დაცული წარმომადგენლობითობა და ამასთან მხოლოდ ის პასუხებია ნაჩვენები, რომლის მიღებაც ტელეკომპანიას სურს. მეორეს მხრივ, პატრიოტთა ალიანსი ხშირად იყენებს მათ მიერ 2020 წელს ჩატარებულ კვლევას, რომლის მიხედვითაც მოსახლეობის 69%-ს სურს ნეიტრალიტეტი, 75%-ს კი რუსეთთან დიალოგის დაწყება. ეს შედეგები წინააღმდეგობაში მოდის NDI-ს კვლევებთან, რომელთა 2021 წლის დეკემბერში ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ ნატოში გაწევრიანებას მხარს უჭერს მოსახლეობის 77%. 2020 წელს კი ეს რიცხვი 74%-ს შეადგენდა. 

საქართველოს ნეიტრალიტეტის ეფექტურობას ვერ ხედავენ ალტ-ინფო და მათ მიერ შექმნილი კონსერვატიული პარტიის წევრები. უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყებამდე პარტიის ლიდერები აცხადებდნენ, რომ მათი აზრით ამ თემაზე საუბარი არ ღირდა, რადგან ჩვენს რეგიონში შეუძლებელია ნეიტრალური სტატუსის ქონა. მათი სამოქმედო გეგმა მდგომარეობს რუსეთისთვის მოკავშირეობის შეთავაზებაში და შედეგად ბენეფიტების მიღებაში, რაც პირველ რიგში დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებაზე დიალოგის დაწყებას გულისხმობს. შოთა მარტინენკო და სხვა ლიდერები ხშირად მოიხსენიებენ მიმდინარე პერიოდს ახალი ცივი ომის დასაწყისად, სადაც აუცილებლად უნდა ავირჩიოთ მხარე, რადგან შუალედური პოზიციის დაჭერა შეუძლებელი გახდება. აღსანიშნია, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდგომ, პარტიის წევრებმა მცირედით შეცვალეს დამოკიდებულება ნეიტრალიტეტის მიმართ. ისინი კვლავ ფიქრობენ, რომ ნეიტრალიტეტზე საუბარი გვიანია, თუმცა რამდენჯერმე ინტერვიუებში ახსენეს, რომ მზად არიან სტატუსის საჭროების განსახილველად, იმ შემთხვევაში თუ შესაძლებელი იქნება მისი გამოყენება რუსეთთან სავაჭროდ

საქართველოსთვის სამხედრო ნეიტრალიტეტის მიღება ბევრ სირთულესთანაა დაკავშირებული და ის ვერ გახდება უსაფრთხოების გარანტორი, რასაც ისტორია ცხადად გვაჩვენებს. 1918 წელს დამოუკიდებლობის მიღებასთან ერთად საქართველომ გამოაცხადა მუდმივი ნეიტრალიტეტი. 1920 წელს რუსეთმაც აღიარა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა იმ პირობით, რომ არ განთავსდებოდა უცხო ქვეყნის ჯარები საქართველოს ტერიტორიაზე, თუმცა ერთი წლის შემდეგ მათ საქართველოს ოკუპაცია მოახდინეს. ნეიტრალიტეტის კონსტიტუციაში ჩაწერას არც მოლდოვისთვის შეუქმნია უსაფრთხო გარემო. დნესტრისპირეთი კვლავ რჩება თვითაღიარებულ რესპუბლიკად და რუსეთის ჯარები ახლაც დგანან მოლდოვის ტერიტორიებზე.

სტატუსის მიღება ვერც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხს მოაგვარებს, რადგან რუსეთი აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებს. დაკარგული ტერიტორიები ასევე სამართლებრივ პრობლემას ქმნის ნეიტრალიტეტის მისაღებად, რადგან ჰააგის მეხუთე კონვენციის მიხედვით, ნეიტრალური სახელმწიფოს ტერიტორია უნდა იყოს დაურღვეველი. ბოლო, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ის აუცილებლობა, რომ ნეიტრალიტეტის სტატუსის რეალურად მისაღებად საჭიროა საერთაშორისო შეთანხმება და მხოლოდ ქვეყნის სურვილი არ არის საკმარისი. 

2022 წლის მონაცემებით ევროპაში 12 ნეიტრალური სახელმწიფოა

ნეიტრალიტეტზე საუბრისას საქართველოში ხშირად ახსენებენ ფინეთს, შვედეთს და შვეიცარიას, იმის დასტურად, რომ აღნიშნული სტატუსი მართლაც უსაფრთხოების და გავითარების გარანტია. თუმცა, საქართველოსთან ამ ქეისების შედარება არ არის სწორი. პირველ რიგში, ფინეთმა და შვედეთმა უკრაინაში რუსული აგრესიის გამო, გადაწყვიტეს უარი თქვან სტატუსზე და გახდნენ ნატოს წევრი ქვეყნები. შვეიცარიის შემთხვევა კი სულ სხვაგვარია. ის უძველესი ნეიტრალიტეტია და საერთაშორისოდაა აღიარებული, რაც თავიდანვე იმ მიზნით მოხდა, რომ ევროპის ძლიერ სახელმწიფოებს სჭირდებოდათ შვეიცარიის სახით მსგავსი ქვეყნის არსებობა კონტინენტზე სტაბილურობის შესანარჩუნებლად. მეორეს მხრივ, კი შვეიცარია დიდ თანხებს და რესურსებს ხარჯავს თავდაცვის სფეროში და ძლიერი შეიარაღებული ძალებიც ყავს. ყველა ზრდასრული მამაკაცისათვის სავალდებულოა საჯარისო წვრთნების გავლა, რომელიც დაახლოებით 18 კვირა გრძელდება და მისი დამთავრების შემდგომ, 9 წლის განმავლობაში მოქალაქე ვალდებულია 6 დამატებითი წვრთნა გაიაროს, რომელთაგან თითოეული 3 კვირა გრძელდება. ეს ყველაფერი კი ძირითადი საჯარისო დანაყოფების გარდა, ძლიერი რეზერვის ქონას უზრუნველჰყოფს შვეიცარიისათვის.

საქართველოს ნეიტრალიტეტის თემასთან დაკავშირებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო მიმართულების ხელმძღვანელს და ასოცირებულ პროფესორს, ქალბატონ ფიქრია ასანიშვილს გავესაუბრე. მან თავდაპირველად აქცენტი გააკეთა იმის შესახებ, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოსთვის ნეიტრალიტეტის საკითხი არასოდეს მდგარა დღის წესრიგში და ეს ნარატივები უკავშირდება პატრიოტთა ალიანსის პოლიტიკურ პლატფორმას. მისი აზრით, ეს არის პრორუსული ნარატივი, რომელიც ნეიტრალიტეტის იდეად შეიფუთა. რაც შეეხება უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან კავშირს, პროფესორმა აღნიშნა, რომ პრორუსული ძალები იყენებენ ამ ტრაგედიას ქართველი ხალხის დასანიშნებლად და მათ დასარწმუნებლად, რომ თუ საქართველო არ მიიღებს ნეიტრალიტეტს, რუსეთთან ომი გარდაუვალი იქნება. 

ასანიშვილის აზრით, ის რასაც რუსეთი და მასთან დაკავშირებული პოლიტიკური ჯგუფები საქართველოს სთავაზობენ არის უფრო იზოლაციონიზმი და არა ნეიტრალიტეტი. სწორედ ამიტომ, პოლიტიკურმა დისკურსმა უნდა გამიჯნოს ეს ორი სტატუსი ერთმანეთისგან და სწორად მიიტანოს საზოგადოებამდე. პროფესორს მიაჩნია, რომ რუსეთი არ არის სანდო და ამ მოთხოვნების შესრულების შემთხვევაშიც კი არ გვაქვს გარანტია, რომ ის საქართველოს თავს არ დაესხმება და სრულ ოკუპაციას არ მოახდენს. ეს ყველაფერი დღესაც კი გამოიხატება მათ ქცევაში, რადგან ახლაც კი ხდება საზღვრების გადმოწევა და ოკუპაციის გაგრძელება, ნარატივის გავრცელება თითქოს საქართველოს ოსებთან და აფხაზებთან აქვს პრობლემა და არა რუსებთან. მან ასევე გაამახვილა ყურადღება ბოლოდროინდელ მოვლენებზე, როდესაც ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების წინ ბიბილოვის მხრიდან ძლიერი იყო პროპაგანდა, რომ არჩევენების შემდეგ ჩატარდებოდა რეფერენდუმი რუსეთთან მიერთების შესახებ, რაც ადასტურებს, რომ რუსეთს თავისი იმპერიალისტური პოლიტიკა საქართველოს მიმართ არ შეუცვლია. 

ნეიტრალიტეტის იდეაზე აპელირებენ ის პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც პრო-რუსულად მიიჩნევიან. ისინი განცხადებებში ხშირად აღნიშნავენ თუ რაოდენ მნიშვნელოვანია რუსეთთან მჭიდრო კავშირის ქონა, როგორც ეკონომიკის ისე პოლიტიკის სფეროში, რადგან ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის გარეშე ვერ გავუმკლავდებით რეგიონულ თუ საერთაშორისო გამოწვევებს. მათ სათავისოდ გამოიყენეს რუსეთის მიერ უკრაინაში სამხედრო ინტერვენცია და ამით ხალხზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენენ,რათა დაარწმუნონ ნეიტრალური სტატუსის მიღების აუცილებლობაში. ისინი გვარწმუნებენ, რომ ამ იდეის განხორციელების შედეგად, რუსეთისგან გვექნება გარანტია, რომ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია აღარ მოხდება. თუმცა, რამდენად შეიძლება ვენდოთ მათ, როდესაც ისტორია საპირისპიროს გვიჩვენებს და ჩვენთან დადებული ხელშეკრულებების დიდი ნაწილი შეუსრულებელი ან დარღვეულია რუსეთის მხრიდან?!

Logo_Geo.png

ავტორი: გიორგი მინაშვილი

bottom of page